გიორგი გეგენავა: „ქართული რაგბის წინსვლა გარდაუვალია“

გიორგი გეგენავა: „ქართული რაგბის წინსვლა გარდაუვალია“

გიორგი გეგენავა ის ადამიანია, რომელიც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ქართულ რაგბის ემსახურება. ის საქართველოს რაგბის კავშირში მისი დაარსების დღიდან მუშაობს და პროგრესი - ზიმბაბვე, ლატვია და ლუქსემბურგიდან ტონგა-სამოამდე, სწორედ მის თვალწინ, მისი მონაწილეობით შედგა.

გულშემატკივარს სულ მეტის და მეტის მოთხოვნა აქვს, რაც ბუნებრივიცაა და ასეთ დროს საინტერესო უნდა იყოს საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრის ხედვა დღევანდელობაზე და მომავალზე. გეგენავა საქართველოს უძველესი კლუბის, „ყოჩების“ დამფუძნებელიცაა. ის 1959 წელს, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბაზაზე დაარსდა და 1990 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის საწყის წლებში, დაშლის პირას აღმოჩნდა, მაგრამ გიორგი ძმის, ლაშა გეგენავას თაოსნობით და მონდომებით არსებობა განაგრძო და დღეს „ყოჩების“ სახელითაა ცნობილი.

გიორგი გეგენავასთან საუბარი სწორედ კლუბის მიერ საქართველოს ჩემპიონატის გასულ სეზონში მიღწეული შედეგის შეფასებით და მისი სამომავლო გეგმებით დავიწყეთ.

გუგა გეგენავა: გასულ სეზონში გუნდის თამაშის ხარისხთან და შედეგებთან დაკავშირებით მეტის მოლოდინი გვქონდა, თუმცა რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, დასახული ამოცანის შესრულება ვერ მოხერხდა. ბევრი უსიამოვნო რამ დაემთხვა ერთმანეთს  - ტრავმები, გაურკვევლობა სამწვრთნელო შტაბში... ჩვენ აქცენტს ვიქტორ დიდებულიძეზე ვაკეთებდით, მაგრამ მან ვერ შეძლო იმ ინტენსივობით ჩამოსვლა და გუნდთან ერთად ყოფნა, როგორც დაგეგმილი იყო. სწორედ ამის გამო ვერ მივიღეთ ის პროგრესი, რისი იმედიც გვქონდა.

ნაწილობრივ ეს ფინანსებს უკავშირდება. იმ დონის სპეციალისტის ჩამოყვანისთვის, როგორიც ვიქტორია, აუცილებელია მას რეალურთან მიახლოვებული პირობები მაინც შესთავაზო. გასაგებია, რომ მას ისეთივე პირობებს ვერ შეუქმნი, როგორიც საფრანგეთში აქვს, მაგრამ უნდა იყოს ისეთი, რის გამოც იქაურობის დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებს. ჯერ ვერ ვიტყვით წელს შევძლებთ თუ ვერა ამის გაკეთებას.

მოკლედ, ჩემპიონატში მეოთხე ადგილის დაკავებას წარუმატებლობად ვთვლით. დიახ, პლეი ოფის პირველ ეტაპზე გუნდმა ფოთში „ბათუმთან“ კარგი თამაში აჩვენა, რაც დამაიმედებელი იყო, მაგრამ მერე „ჯიქებთან“ ჩვენივე შეცდომების გამო მოგებული თამაში წავაგეთ. მიმაჩნია, რომ ეს შეცდომები ფსიქოლოგიური პრობლემებიდან მომდინარეობდა. ამ თამაშში, ალბათ, რაღაც მწვრთნელებმა დააკლეს, ლიდერებმაც ბოლომდე ვერ შეასრულეს ფუნქცია და ერთი ქულით დავმარცხდით.

-         უფრო კონკრეტულად, რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი?

-         ძნელი სათქმელია. გუნდს ისეთივე პირობები ჰქონდა, როგორც წინა სეზონში, როდესაც თამაშის ხარისხიც უკეთესი იყო და მესამე ადგილიც დავიკავეთ. გასული სეზონის წინ შემადგენლობა გაძლიერდა, თუმცა სეზონის ბოლოს მათი ნაწილი ტრავმების გამო ვერ დაგვეხმარა. მიზეზებზე საუბრისას აუცილებლად ვიტყვი, რომ ეს ჩვენი, კლუბის ხელმძღვანელობის ბრალიცაა, რადგან ვერ მოვახერხეთ გეგმის ბოლომდე შესრულება. დიდებულიძის ფინანსური უზრუნველყოფის და მისი საქართველოში მეტი ხნით ყოფნის შემთხვევაში, ვფიქრობ, შედეგი უკეთესი იქნებოდა. მეტის მიღწევა ამ რესურსითაც შეიძლებოდა, რაც თამაშშიც გამოჩნდა, მაგრამ პრაქტიკულად, მოგებული თამაში დავთმეთ. რაგბიში ასეთი რამ ხდება.

-         ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მომავალი სეზონისთვის გუნდში რა ცვლილებებს გეგმავთ?

-         გადაადგილებები და ცვლილებები გვინდა, თუმცა ეს ყველაფერი ფინანსურ უზრუნველყოფაზე იქნება დამოკიდებული და ჯერ გადაწყვეტით ვერაფერს ვიტყვი. ჯერ ბიჭებთან არ გვისაუბრია და არ ვიცით გამოთქვამს თუ არა ვინმე წასვლის სურვილს. ერთი, რაც ამ ეტაპზე გადაწყვეტილია, ბაჩანა გოგიშვილმა კარიერა რუსეთის პრემიერლიგაში გააგრძელა. ვიცით, რომ „ბათუმს“ წელს უფრო დიდი ფინანსური შესაძლებლობები ექნება და სამწუხაროდ, მოთამაშეებთან ისე აწარმოებს მოლაპარაკებას, რომ კლუბების წარმომადგენლებს არც კი უკავშირდება.

ჯერჯერობით ადრეა გაძლიერებაზე საუბარიც, თუმცა „ყოჩების“ რამდენიმე ყოფილმა მორაგბემ გუნდში დაბრუნების სურვილი გამოთქვა, რაც სასიხარულოა და ყველაფრის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გავძლიერდებით. სატრანსფერო სეზონი 20 ივლისამდე გრძელდება, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში სამწვრთნელო შტაბის და მერე შემადგენლობის დაკომპლექტების საკითხს დავასრულებთ.

-         ახსენეთ, რომ ბევრი რამ ფინანსებზე იქნება დამოკიდებული. სულ მიდის საუბრები, რომ სახელმწიფოს დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა აუცილებელია კლუბების დაფინანსებაში კერძო სექტორის ჩართვა. ამ მხრივ თუა რაიმე სიახლე?

-         ამ სფეროში დიდი ხანია ვარ და მხოლოდ ერთადერთხელ იყო პრეცედენტი, როდესაც გარკვეული პერიოდით, რაღაც თანხით „ვისოლი“ გვეხმარებოდა. მაშინ ვიფიქრე, რომ ყინული დაიძრა, მაგრამ მერე ეს კომპანია ფეხბურთში გადამისამართდა. ეს კარგი ფაქტი იყო, თუმცა სამწუხაროდ, მას შემდეგ მსგავსი რამ არცერთ კლუბში აღარ მომხდარა. არის პატარ-პატარა გამონათებები, მაგრამ ეს უფრო პირად ურთიერთობებზე დაფუძნებული დახმარებაა და არა სპონსორობა.

როდესაც რაგბის კლუბზე და მასთან დაკავშირებით მსხვილ, პოტენციურ სპონსორზე ვსაუბრობთ, იგულისხმება დაახლოებით 300-500 ათასის ინვესტიცია, მაგრამ ეს პოტენციური სპონსორისთვის პრობლემა და დამატებითი თავის ტკივილია. სპონსორმა გაღებული თანხა ფაქტობრივად უნდა გაჩუქოს და ამ ნაჩუქარი თანხისთვის, დამატებით სახელმწიფოს გადაუხადოს ბეგარა. სულ მიდის საუბრები, რომ სპორტში, ხელოვნებაში დაბანდებული თანხა არ დაიბეგროს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებას საშველი არ დაადგა. აქამდე პრობლემა იყო ისიც, რომ პრესაში, ტელევიზიაში, რაგბი სათანადოდ არ შუქდებოდა, არადა, სპონსორობა ამ კომპანიისთვის სარეკლამო ნაწილი უნდა გახდეს. კარგია, რომ ამ მიმართულებით გარკვეული ძვრები შეინიშნება, მაგრამ კერძო ბიზნესის დასაინტერესებლად მეტია საჭიროა. ემოციურად, რაგბი უკვე გახდა სპორტის ეროვნული სახეობა და ახლა მნიშვნელოვანია სახელმწიფო და მედი გარემო დაეხმაროს კერძო სექტორს, რათა მათ ამ მიმართულებით სიამოვნებით დახარჯონ ფული. სანამ ასეთი რამ არ მოხდება, მანამდე ქართული კლუბები დარჩებიან სახელმწიფო ბიუჯეტის შემყურე.

-         ბოლნისის „ყოჩები“ საკუთარ აკადემიას აარსებს, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებით დაკომპლექტებული ნაკრები გუნდის, „ოქროს ყოჩების“ ჩამოყალიბება იგეგმება. ამ გუნდმა საერთაშორისო ტურნირებში უნდა ითამაშოს, რაც დამატებით ფინანსებს მოითხოვს. ასეთ სიტუაციაში, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი გეგმების განხორციელება?

-         თუ გამოჩნდება კეთილი ადამიანი და დაგვეხმარება, ამ შემთხვევაში „ოქროს ყოჩები“ საზღვარგარეთულ ტურნირებზე უპრობლემოდ წავა. შესაძლოა, გუნდი საქართველოს რაგბის კავშირის რაიმე პროექტში ჩაჯდეს, ოღონდ იქ კონკრეტულად „ოქროს ყოჩებისთვის“ თანხა გამოყოფილი არაა და არც უნდა იყოს. ჩემის აზრით, კლუბების აკადემიებს შორის უნდა ჩატარდეს ტურნირი და ვინც გაიმარჯვებს, ის უნდა გაემგზავროს საერთაშორისო ტურნირებზე.

-         უკვე რამდენიმე წელიწადია მიდის საუბრები, რომ ყველა კლუბს უნდა ჰქონდეს საკუთარი ბაზა. ამისათვის, კონკრეტულად „ყოჩებისთვის“, ნუცუბიძეზე გამოყოფილია ფართი. როდის დაიწყება მშენებლობა?

-         ამ საკითხზე ახლაც აქტიურად მიდის საუბრები და გვეუბნებიან, რომ პირველადი სამუშაოები უკვე დაწყებულია, მაგრამ ვერავინ გვეუბნება ზუსტ დროს, როდის გვექნება საკუთარი ბაზა.

-         მოდით დიდ 10-ზე გვითხარით, თქვენი აზრით, ბოლო წლებში ამაღლდა საქართველოს ჩემპიონატის დონე?

-         დიახ და გეტყვით რა კომპონენტებში. თამაშის დინამიკა აშკარად გაზრდილია. ჩვენ თუ ფინალურ შეხვედრას და პლეი ოფებს გავიხსენებთ, პირადად მე ვთვლი, რომ ხარისხი ამაღლებულია. მიუხედავად იმისა, რომ ფინალში „ლელომაც“ და „ლოკომოტივმაც“ შეცდომები მრავალდ დაუშვა, მაინც კარგი სანახაობრივი თამაში შედგა. სხვა გუნდებიც ცდილობენ, რომ თანამედროვე რაგბი ითამაშონ, ბურთი გაშალონ, აქცენტი სწრაფ და დინამიურ თამაშზე გააკეთონ. მეორე საკითხია ეს რამდენად გამოსდით.

-         თქვენ გამგეობის წევრი ხართ და არ შეიძლება ფოთის ინციდენტზე არ გკითხოთ. რამდენად გამოდგება პრევენციისთვის ის სასჯელი, რომელიც „არმიამ“ და მისმა წევრებმა მიიღეს?

-         მსაჯთა კორპუსი და განსაკუთრებით გულშემატკივარი მოითხოვდა, რომ დამნაშავე მკაცრად დასჯილოყო, მაგრამ გამგეობა ერთგვარი დილემის წინაშე იდგა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ არ ვართ საგამოძიებო ორგანო და ვერც ვერავის მივცემთ პასუხისგებაში. ამ საქმის განხილვისას სიტუაცია ისეთი შეიქმნა, რომ რაგბის კავშირის კანონმდებლობითაც კი, ძალიან გაგვიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ, რომ არ აღმოჩნდა მოწმე, ვინც ეს ფაქტი იხილა და თავად დაზარალებულიც ამბობდა, რომ მე არ ვიცი რა მოხდა - წავიქეცი და არ ვიცი ფეხი როგორ გამეჭრა. აქედან გამომდინარე, რაც იყო გათვალისწინებული ჩხუბში მონაწილეობისთვის და გინებისთვის, ჩვენ მაქსიმალურად მკაცრი გადაწყვეტილება გამოვიტანეთ. ასეთ დროს გულშემატკივრისთვის მარტივია გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ როდესაც ხარ ოფიციალური ორგანო და შენზეა დამოკიდებული ადამიანების და გუნდის ბედი, ჭორებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ, ოფიციალურად კი, არავინ არაფერი თქვა.

-         რამდენიმე თვის წინ საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა შეიცვალა. ვფიქრობ, ახლა უკვე შეიძლება გარკვეული დასკვნების გამოტანა და თქვენი აზრით, მომდევნო ოთხწლიან ციკლში ისევ იმ ტემპებით განვითარდება ქართული რაგბი, როგორც ეს გასულ წლებში ხდებოდა?

-         პროგრესი აუცილებლად იქნება, მაგრამ არა იმ ტემპებით, როგორიც აქამდე იყო. ეს არაა დამოკიდებული მხოლოდ ჩვენს მონდომებაზე, გნებავთ ძალიან კარგ მუშაობაზე და მენეჯმენტზე. უამრავი რამაა გასათვალისწინებელი - ცხოვრების დონე საქართველოში, ინფრასტრუქტურის განვითარება, მენტალობის გარკვეული ნაწილის შეცვლა, ანუ საჭიროა მეტი დისციპლინა და პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია დაფინანსება, მაგრამ ესეც პრობლემის მხოლოდ ერთი მხარეა. წინსვლაში უდიდესი როლი უნდა ითამაშოს პრესამ, ტელევიზიამ, გულშემატკივარმა. მნიშვნელოვანია, რომ ქარტია, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ყველამ ყურადღებით წაიკითხოს და გაითავისოს. არ შეიძლება თამაშის დროს მშობლებისგან ისმოდეს - მიდი მოკალი. დიახ, მოედანზე ყველა ბოლომდე თავდადებული უნდა იყოს, მაგრამ ამავდროულად პატივი უნდა სცე მოწინააღმდეგეს და გულშემატკივრობის მახინჯი ფორმები აუცილებლად მოსაშლელია.

მოკლედ ფინანსები, ინფრასტრუქტურის განვითარება, ცოდნა, მენტალობის უკეთესობისკენ ცვლა - აი ის, რაც აუცილებლად გამოიწვევს ხარისხის ამაღლებას. ჩვენ რომ ახლა აქ ვართ, ეს საოცრებაა. მე რაგბის კავშირში მისი დაარსების პირველივე დღიდან ვარ და კარგად ვიცი რა გზა გავიარეთ. ფაქტობრივად არაფრისგან, მივიღეთ ძალიან ძლიერი ბრენდი და ამაში უდიდესი დამსახურება აქვს აბსოლუტურად ყველა თაობას. ეს არაა მხოლოდ ერთი კაცის, ან ერთი გუნდის მიღებული შედეგი და აუცილებელია, რომ ჩვენზე უკეთეი შემდეგი იყოს. ახლა ჩვენ გარკვეულ კრიტიკულ ზღვარს მივაღწიეთ და მეტი წინსვლისთვის დამატებითი ინექციაა საჭირო, რაზეც ზემოთ ვისაუბრე. მოკლედ, წინსვლა აუცილებლად იქნება, ოღონდ შედარებით მოკლე ნაბიჯებით. წინსვლაზე ფიქრის საფუძველს სრკ-ს ამჟამინდელ პრეზიდენტთან, გოჩა სვანიძესთან ხშირი კონტაქტი მაძლევს. მე მომწონს მისი საქმისადმი მიდგომა, მიზნები, გეგმები, მოთხოვნები თანამშრომლების მიმართ. რა თქმა უნდა, ჯერ ადრეა ამ ყველაფერზე საუბარი, მაგრამ ამ ეტაპზე ვთვლი, რომ სწორი ხედვა აქვს.

-         7-კაცა რაგბი ოლიმპიური სახეობა გახდა და ბოლო დროს ჩვენ ამ მიმართულებას ნელ-ნელა ჩამოვრჩით. რა იგეგმება მისი განვითარებისთვის?

-         ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. წელს 7-კაცა რაგბიში სამი ტურნირი ჩატარდება და ის ნელ-ნელა სისტემურ ხასიათს მიიღებს. საქართველოს ჩემპიონატის პირველი ორი ეტაპი კახეთსა და ქუთაისში, ხოლო ფინალური სავარაუდოდ თბილისში ჩატარდება. გვაქვს მოთხოვნა, ამაზე ვისაუბრეთ და 7-კაცას ტურნირების ინტენსივობა მომავალ წლებში აუცილებლად გაიზრდება. ცალკე უნდა ჩამოყალიბდეს ბირთვი 7-კაცა ნაკრებისთვის, იმის მსგავსი, რაც ყველა მაღალ დონეზე მოთამაშე გუნდს აქვს. მორაგბეებთან უნდა გაფორმდეს კონტრაქტები და მოხდეს მათი როტაცია ახალგაზრდებით. სხვა ქვეყნებს თუ შევხედავთ, წლებია სულ ერთიდაიგივე ხალხი თამაშობს. ამ შემთხვევაში ჩვენ ეროვნული ნაკრებისთვისაც გავზრდით უკეთეს უკანახაზელებს.

მსგავს გეგმებზე უკვე წლებია ვსაუბრობთ და ახლა ის ხორცშესხმას იწყებს. არ შეიძლება 7-კაცა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის წინ მოთამაშე პირდაპირ აეროპორტში უერთდებოდეს, იმიტომ, რომ მანამდე 15-კაცა ნაკრებთან ერთად ამხანაგური თამაში ქონდა. ჩვენ წელსვე უნდა დავიწყოთ მომზადება იმისათვის, რომ 4 წლის შემდეგ ოლიმპიადაზე ვითამაშოთ. გუნდი ტურნირების წინ ორი კვირა კი არა, თვეობით უნდა ემზადებოდეს და რეგულარულად მონაწილეობდეს ამხანაგურ ტურნირებში. 

ახალი ამბები

ყველა სიახლე

ახალი ფოტოები

ყველა ფოტო

ახალი ვიდეო

ყველა ვიდეო

ჩვენი მოთამაშეები