ლაშა მალაღურაძე: „ვფიქრობ, ნაკრებში 3-4 წელიწადი კიდევ ვითამაშებ“

ლაშა მალაღურაძე: „ვფიქრობ, ნაკრებში 3-4 წელიწადი კიდევ ვითამაშებ“

რუსეთის მოქმედი ჩემპიონის, კრასნოიარსკის „კრასნი იარის“ ქართველ მგეზავ ლაშა მალაღურაძესთან ადგილობრივმა გაზეთმა ინტერვიუ ჯერ კიდევ „ენისეისთან“ მოგებული დერბის წინ ჩაწერა.

მაშინ ბოლნისის „ყოჩების“ აღზრდილმა 30 წლის „ბორჯღალოსანმა“ ჯერ არ იცოდა, რომ იმ თამაშის გმირი გახდებოდა და „კრასნი იარი“ მის მიერ ბოლო წუთზე დადებული ლელოთი და ზუსტი გარდასახვით გაიმარჯვებდა. მანამდე ლაშას მისთვის უცხო მოედნებზე დარტყმები არ მისდიოდა და ამიტომ, ინტერვიუს გარკვეული ნაწილი პრობლემებს შეეხო, მას შემდეგ კი, როგორც მალაღურაძის, ასევე „კრასნი იარის“ საქმეები კარგად წავიდა და დიდი ალბათობით, გუნდი პლეი ოფში მეორე ადგილით გავა.

„კრასნი იარის“ რიგებს უკვე ნახევარი სეზონია „ვარსკვლავური“ ქართველი, მსოფლიოსთვის კარგად ნაცნობი ლაშა მალაღურაძე იცავს“ - ასე ახასიათებს ჟურნალისტი ლაშას, რომელსაც რუსეთში დებიუტი სუპერთასის ფინალში ჰქონდა და „სლავას“ 22:3 დამარცხებით, რუსეთში პირველი ჯილდოც მოიპოვა.

-         ლაშა, როგორ შეაფასებთ თქვენს დებიუტს რუსულ კლუბში?

-         „კრასნი იარი“ რუსეთში ერთ-ერთი ლიდერია და მოხარული ვარ აქ რომ აღმოვჩნდი. შეთამაშება გამიჭირდა, რადგან აქ განსხვავებულ რაგბის თამაშობენ, ვიდრე საფრანგეთში, სადაც ბოლო წლები გავატარე. თუმცა ცდას არ ვაკლებ და შემიძლია გითხრათ, ბიჭებთან უკვე შევთამაშდი.

-         კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმეთ და სარისკო ხომ არ იყო ეს ნაბიჯი?

-         არავითარ შემთხვევაში. „კრასნი იარის“ სათამაშო დონე ძალიან მაღალია. კლუბში ყველაფერი მაღალ დონეზეა მოწყობილი - საწვრთნელი სისტემა დალაგებულია, გვაქვს ხარისხიანი მოედნები, არის ყველა პირობა რათა იმუშაო, ივარჯიშო და სხვა არაფერზე იფიქრო. აქ შემიძლია გავიზარდო და სამწლიანი კონტრაქტის გაფორმებაც, სწორი ნაბიჯი იყო.

-         თქვენ ფანგატაპუ აპიკოტოას შემცვლელად მოხვედით, რომელიც კარში დამრტყმელი იყო. გარდა ამისა, „კრასნი იარს“ კიდევ ორი მგეზავი ყავს - ედმონდ პაეა და ანტონ რიაბოვი. ძალიან დიდი კონკურენციაა, რომლის დაძლევაც ჯერ ვერ მოახერხეთ. რატომ?

-         დიახ, ორივე ძლიერი დამრტყმელია, მე კი, ჯერჯერობით დარტყმები არ მიმდის... მაგრამ საკუთარ თავზე ვმუშაობ, ვცდილობ. სეზონის დასრულებამდე ყველაფერი დალაგდება, ისე დავარტყამ, როგორც სხვა კლუბებში ვურტყამდი. ვიბრძოლებ და მოვიპოვებ დარტყმების უფლებას. გუნდის და გულშემატკივრის წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ამიტომ, ყოველი აცილებული ჯარიმის შემდეგ გული მწყდება.

-         ითვლით „კრასნი იარში“ მოპოვებულ ქულებს?

-         არა, თუმცა ვფიქრობ, ჯერჯერობით ბევრი არ მომიგროვებია.

-         მწვრთნელების შემადგენლობაზე რას გვეტყვით?

-         ძალიან მომწონს მათთან მუშაობა. იგორ ლეონიდოვიჩ ნიკოლაიჩუკი და სიუა ტაუმალოლო მეგობრულები არიან. ისინი წყვილში კარგად მუშაობენ და მათი ვარჯიშები მიზანმიმართულია. სწორ გზას ვადგავართ და თუ მოვინდომებთ, იმ შედეგს მივიღებთ რაც დავისახეთ.

-         ჩემპიონის ტიტულის მოპოვება?

-         რა თქმა უნდა. ასევე, ჩელენჯ ქაფის შესარჩევ პლეი ოფში გასვლა.

-         ზემოთ თქვით, რომ საფრანგეთში სულ სხვა რაგბის თამაშობენ.

-         დიახ, იქ სარაგბო სეზონი მთელი წელი გრძელდება. აქ მხოლოდ ზაფხულშია თამაშები, ხოლო ზამთარში ფიზმომზადება გვექნება.

-         რას იტყვით რუსეთის ჩემპიონატის ამჟამინდელ გრაფიკზე? არ გეჩვენებათ რომ დაურეგულირებელია?

-         დიახ, ჩემთვის გაუგებარი კალენდარია. თამაშები ქაოტურად ტარდება და არ იცი როდის გიწევს თამაში. ეს ძლიერ აისახება თამაშზე - ორი მატჩი მიყოლებით გაქვს, შემდეგი შესაძლოა ერთი თვის შემდეგ... ამ პერიოდში ვიღაც თამაშობს, ვიღაც ისვენებს და არავინაა თანაბარ სიტუაციაში. ვფიქრობ, ყველა გუნდს ერთნაირი, დარეგულირებული კალენდარი უნდა ჰქონდეს.

-         საფრანგეთის მსგავსად, მთელი წელი თამაში ჩვენთან შეუძლებელია. ზამთარი ამის საშუალებას არ მოგვცემს. იცით როგორია ზამთარი ციმბირში?

-         ჯერ არა და წარმოდგენა მხოლოდ თანაგუნდელების მონაყოლით მექმნება. ახლა ამ ყველაფრის გამოცდა საკუთარ თავზე მომიწევს. 2008 წლის აპრილში, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ვითამაშე რუსეთში, თქვენი ნაკრების წინააღმდეგ. ციოდა, თოვლი მოდიოდა, თუმცა, რაც მონაყოლიდან დასაკვენი, ის სიცივე არ იყო.

-         საქართველოს ნაკრებში 2008 წლიდან თამაშობთ. როდემდე აპირებთ საერთაშორისო კარიერის გაგრძელებას?

-         ნაკრების კვართით უკვე 70 მატჩი ჩავატარე. ვფიქრობ, 3-4 წელი კიდევ შემიძლია ნაკრების ღირსება დავიცვა.

-         ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ ნაკრებში გატარებული წლებიდან?

-         რა თქმა უნდა 2015 წლის მსოფლიო თასი. დავამარცხეთ ტონგა და დავამსხვრიეთ სტერეოტიპი, რომ ეს იყო წარმოუდგენელი და მიუღწეველი ოცნება. როდესაც ცდილობ და ყველაფერი გამოგდის, უდიდესი სიამოვნებაა.

მეორე დასამახსოვრებელი მომენტი ამავე მსოფლიო თასზე, ახალი ზელანდიის წინააღმდეგ თამაში იყო ვფიქრობ, ყველა მორაგბის ოცნებაა დენ კარტერის, ან მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ნებისმიერი მორაგბის წინააღმდეგ თამაში. ესეც დიდი პატივი და სიამოვნებაა.

დასამახსოვრებელი იყო ნამიბიასთან მატჩში ჩემს მიერ დადებული ლელო.

-         და ბოლოს, რა არის თქვენი მიზანი?

 

-         მოცემული მომენტისთვის რუსეთის ჩემპიონობა და ჩელენჯ ქაფზე მოხვედრაა, სადაც აქამდე არასდროს მითამაშია. ასევე მსურს, რომ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ვითამაში იაპონიაში, 2019 წლის მსოფლიო თასზე. თუმცა უახლესი, ანუ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი რუსეთის ჩემპიონის ტიტულის დაუფლებაა. დარწმუნებული ვარ, ჩვენს გუნდს ამ მიზნის მიღწევა შეუძლია და მთელი ძალებით ვიბრძოლებთ.

ახალი ამბები

ყველა სიახლე

ახალი ფოტოები

ყველა ფოტო

ახალი ვიდეო

ყველა ვიდეო

ჩვენი მოთამაშეები