გიორგი მაისურაძე: „მთავარია მოგებული თამაშები ხელიდან არ გავუშვათ“

გიორგი მაისურაძე: „მთავარია მოგებული თამაშები ხელიდან არ გავუშვათ“

ბოლნისის „ყოჩები“ მეოთხე კვირაა დიდი 10-ის 2016/2017 წლების სეზონის განახლებისთვის ემზადება. გუნდი „ავჭალის“ სარაგბო სტადიონზე ვარჯიშობს და რამდენიმე დღის წინ თბილისის „არმიასთან“ საკონტროლო თამაში გამართა.

სამწუხაროდ, ტრავმებისა თუ სხვა საკადრო პრობლემების გამო, სეზონის პირველი ნაწილი წარუმატებელი გამოდგა, 11 თამაშიდან გუნდმა მხოლოდ ერთში მოახერხა გამარჯვება და 7 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა. წინ კიდევ 7 თამაშია და ამ სეზონში „ყოჩების“ მიზანი უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებაა.

ჩვენი გუნდის მზადებისა და ტრავმირებული მოთამაშეების მდგომარეობის შესახებ გუნდის მწვრთნელ გიორგი მაისურაძეს „არმიასთან“ მატჩის შემდეგ ვესაუბრეთ:

სეზონის განახლებისთვის მზადება 4 იანვარს დავიწყეთ. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ აეწყო, როგორც ჩვენ გვსურდა, რადგან კვლავ იჩინა თავი საკადრო პრობლემებმა. პრობლემებია როგორც ტრავმირებული მორაგბეების, ასევე პოზიციების დაფარვის კუთხით. „არმიასთან“ გამართულმა საკონტროლო მატჩმაც დაგვანახა, რომ სასურველ სურათამდე ჯერ არ მივსულვართ. ხარვეზების გამოსასწორებლად 1 კვირა გვაქვს და იმედია, პირველ ოფიციალურ თამაშს უკეთეს მდგომარეობაში შევხვდებით.

-         უფრო კონკრეტულად, რა ხარვეზები წარმოაჩინა „არმიასთან“ თამაშმა?

-         ამ თამაშის მიზანი იყო, რომ რეალური წნეხის ქვეშ შეგვესრულებინა ის, რაზეც განვლილი 3 კვირის განმავლობაში ვმუშაობდით. სამწუხაროდ გარკვეულ ნიუანსებში დავალებები ვერ შესრულდა. თამაშის ორგანიზებაში მოვიკოჭლებდით და ამის გამოსასწორებლად საჭიროა, რომ მოთამაშეებმა კარგად გაიაზრონ საკუთარო როლი. მწვრთნელებმა მეტი სიცხადე უნდა შევიტანოთ პოზიციურ ფუნქციებში და ვფიქრობ, ჩანაფიქრის განხორციელება მოხერხდება.

-         ოფიციალურ თამაშამდე, ანუ 1 კვირაში შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება?

-         „არმიასთან“ მატჩმა მხოლოდ უარყოფითი კი არა, დადებითი მომენტებიც დაგვანახა. გვექნება ვიდეო-ანალიზი და უკეთ გამოჩნდება სად გვაქვს პრობლემები. შესვენების შემდეგ პირველი ოფიციალური თამაში გვექნება, იგივე სიტუაციაშია „ბათუმი“ და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

-         კვლავ გვაქვს ტრავმების პრობლემა. როდისთვის შეძლებენ ეს მორაგბეები მოედანზე დაბრუნებას?

-         ტრავმირებული გვყავს ნიკა ჩხიკვაძე, გიორგი ხარშილაძე, ირაკლი სვანიძე და დავით ხიდეშელი. პირველ ორ მატჩში დაგვაკლდება გუნდის კაპიტანი, 9 ნომერი გიორგი ბეგაძე, რომელიც ნაკრების შეკრებაზეა. გვაქვს იმედი, რომ თებერვლის ბოლომდე ტრავმირებული მორაგბეები მკურნალობას და აღდგენით პროცესს დაასრულებენ. ჩვენ მათი დახმარება ძალიან გვჭირდება.

-         გუნდის მიზანი დიდ 10-ში ადგილის შენარჩუნებაა...

 

-         სამწუხაროდ ასეა, თუმცა ყველაფერი ჩვენს ხელშია. მთავარია შეცდომები არ დავუშვათ და მოგებული თამაშები ხელიდან არ გავუშვათ. მსგავსი რამ პირველ წრეში რამდენჯერმე დაგვემართა. აუცილებლად უნდა მოვიგოთ ის სამი თამაში, რომლებზეც გათვლას ვაკეთებთ და დანარჩენებში მინიმუმ პრემიალური ქულები ავიღოთ. სხვაობა ისეთი ნამდვილად არაა, რომ დიდ 10-ში დარჩენა შეუძლებელი იყოს და არც ჩვენს წინ მყოფი გუნდები გვჯობნიან. 

ახალი ამბები

ყველა სიახლე
10 აპრილი 2017
„ბრივის“ შანსი

ახალი ფოტოები

ყველა ფოტო

ახალი ვიდეო

ყველა ვიდეო

ჩვენი მოთამაშეები