შალვა მამუკაშვილი: „მონპელიედან“ „ტულონში“

შალვა მამუკაშვილი: „მონპელიედან“ „ტულონში“

ბოლნისის „ყოჩების“ აღზრდილი საქართველოს ნაკრების კვაჭი შალვა მამუკაშვილი ტოპ 14-ის „მონპელიედან“ „ტულონში“ გადავიდა.

ამ კლუბის მთავარი ჰუკერი საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი გილემ გირადოა, ხოლო მისმა შემცვლელმა ჟან-შარლ ორიოლმა 20 თებერვალს ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და სეზონი ნაადრევად დაასრულა. ცხადია, ეულად დარჩენილი გირადო სამ ფრონტზე ბრძოლას თავს მარტო ვერ გაართმევდა (ნაკრები, ტოპ-14 და ჩემპიონთა თასი), ანუ ამბიციური კლუბი სერიოზული საკადრო პრობლემის წინაშე დადგა, რომლის მოგვარებაც სამედიცინო ჯოკერის მეშვეობით გადაწყდა.

გარკვეული ფიქრის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ არჩევანი სწორედ ქართველ კვაჭზე შეაჩერა, რომელმაც მიმდინარე სეზონი „ყოჩებში“ დაიწყო, ოქტომბერში სამედიცინო ჯოკერის სტატუსით „მონპელიეში“ გადავიდა, სადაც სამხრეთ აფრიკელ ბისმარკ დუ პლესს ცვლიდა. მიუხედავად წარმატებული სამი თვისა, აფრიკელის გამოჯანმრთელების შემდეგ შალვას კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს, მაგრამ მალევე „ტულონის“ ვარიანტი გამოჩნდა და მამუკაშვილი უმაღლესი დონის ჩემპიონატში დარჩა.

ის უკვე „ტულონშია“ და გუნდის სათამაშო სისტემას ეცნობა, ახალი კლუბის საიტმა კი მისი პირველი ინტერვიუ გამოაქვეყნა:

- შალვა, გუნდს ახლახანს შეუერთდით. თავს როგორ გრძნობთ? მოასწარიით სათამაშო გეგმის, კომბინაციების გაცნობა?

- ახალი მოთამაშისთვის ძალიან რთულია სეზონის მსვლელობისას გუნდთან შერწყმა და იქაური სიტუაციის ათვისება. ეს განსაკუთრებით ჩემს პოზიციას ეხება, სადაც უამრავი კომბინაციაა. თავს კარგად ვგრძნობ და ტაქტიკურ სქემებს ვეცნობი, რათა უმოკლეს პერიოდში შევძლო მოედანზე გასვლა. მამუკა და ლევანი ჩემი მეგობრები არიან და საქმეს მათი დახმარება მიადვილებს. კლუბში დამკვიდრებაში სწორედ ისინი მეხმარებიან.

- ამჟამად ჟან-შარლ ორიოლის „სამედიცინო ჯოკერი“ ხართ. გინდათ „ტულონში“ მომავალშიც ითამაშოთ?

- ამის შესახებ ჯერ ვერაფერს გეტყვით. მოცემული მომენტისთვის მხოლოდ იმაზე ვარ კონცენტრირებული, რისი გაკეთებაც სეზონის ბოლომდე მომიწევს, მერე კი ვნახოთ, რა და როგორ იქნება.

- როგორ შეაფასებთ მიმდინარე სეზონში „ტულონის“ გამოსვლას?

- სიმართლე გითხრათ, ბოლო დროს „ტულონის“ თამაშებს თვალს ნაკლებად ვადევნებდი. მე „მონპელიეში“ ვთამაშობდი და მხოლოდ მასზე ვიყავი კონცენტრირებული. ვიცი, რომ „ტულონი“ ტოპ 14-ის უდიდესი გუნდია. ყველა გუნდს აქვს ჩავარდნები, მაგრამ როდესაც ყველაფერი რიგზეა, მაშინ „ტულონი“ მართლაც საუკეთესოა.

- თქვენ პრემიერშიპში („სეილ შარქსი“), კელტების ლიგასა („გლაზგო უორიორსი“) და ტოპ 14-ში („მონპელიე“ და ახლა უკვე „ტულონი“) გითამაშიათ. თუ შეიძლება, შეადარეთ ეს ჩემპიონატები...

 

- ტოპ 14 ყველაზე რთული სათამაშოა. პრემიერშიპში დიდი სათამაშო დრო არ მქონია. იქ უფრო მეტია ბრძოლა, კონტაქტი. ორივე ჩემპიონატი განსხვავებულია, თუმცა ორივე უმაღლესი დონის ტურნირია.

ახალი ამბები

ყველა სიახლე
10 აპრილი 2017
„ბრივის“ შანსი

ახალი ფოტოები

ყველა ფოტო

ახალი ვიდეო

ყველა ვიდეო

ჩვენი მოთამაშეები