ფრე მოგების ნაცვლად

ფრე მოგების ნაცვლად

ბოლნისის „ყოჩებმა“ თბილისის „არმაზს“ თამაშით აჯობა და სამი ლელო დაუმიწა, მაგრამ სეზონის მთავარმა სატკივარმა, ფეხით თამაშმა კიდევ ერთხელ იჩინა თავი და გამარჯვების ნაცვლად მხოლოდ ფრეს დასჯერდა - 17:17.

დიდი 10-ის ბოლოსწინა, მე-17 ტურის მატჩში უშუალო კონკურენტს ვხვდებოდით და გამარჯვება უძლიერესთა შორის დარჩენის შანსს მნიშვნელოვნად აგვიმაღლებდა, ფრე კი „არმაზს“ აძლევდა ხელს, რადგან მან ჩვენთან 5-ქულიანი ჰანდიკაპი შეინარჩუნა და ბოლო ტურის მატჩს შედარებით მშვიდად ხვდება. სამაგიეროდ 4 ქულამდე შემცირდა სხვაობა ქუთაისის „ბაგრატთან“, რომელიც დღეს „ლოკომოტივთან“ 14:64 დამარცხდა და დასკვნით ტურში ჩვენი მთავარი სამიზნე გახდა.

მაგრამ ახლა აუცილებელია, რომ ბოლო ტურში თბილისის „არმია“ დავამარცხოთ და პარალელურად იმის იმედად ვიყოთ, რომ „აიასთან“ ქუთაისურ დერბში „ბაგრატი“ ქულასაც ვერ აიღებს. გათვლები გათვლებად და „არმაზთან“ დამსახურებული გამარჯვება რომ გვეზეიმა, ახლა სიტუაცია სხვაგვარი იქნებოდა და დიდ 10-ში დარჩენის შანსებიც ბევრად უფრო გაიზრდებოდა.

მე-17 ტურის მატჩში დასაწყისი არ გვივარგოდა, რაც ამ სეზონში „ყოჩების“ ერთ-ერთი სენია. 10 წუთში მეტოქემ ორჯერ შეძლო ჩვენი დაცვის ზღუდის გადალახვა და ორი ლელო დაამიწა, ორივე გარდასახა და 0:14 ჩამოვრჩით. ნელ-ნელა ბოლნისელებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და რამდენჯერმე შეძლეს სალელოვე შანსის შექმნა. აღსანიშნავია სანდრო ნიჟარაძის გარღვევა, რომელმაც ხაზი სუფთად გაჭრა და მეტოქის 22-შიც შევიდა, მაგრამ ეს შანსები ბურთის წინვარდნის გამო გაიფლანგა.

ტაიმის შუაში ლოგიკური ლელო მაინც დაიდო, ჯარიმიდან ბურთი აუტში გადავიტანეთ, 5-მეტრა დერეფნის მოგების შემდეგ მეტოქე მოლში არ შემოვიდა, ნიკო აფციაური სწრაფად გაერკვა სიტუაციაში, თავად შეუტია და ლელო დაამიწა. რამაზ ჯინაშვილმა გარდასახვა გაიტანა და „ყოჩებმა“ ბურთზე სრულად დაამყარეს კონტროლი, მაგრამ შეცდომებს ვერაფერი მოუხერხეს. 30-ე წუთზე ჯარიმით გვქონდა სხვაობის კიდევ უფრო შემცირების შანსი, თუმცა ჯინაშვილს საშუალო სირთული დარტყმა გაუცუდდა. ამის გამო ტაიმის მიწურულს დავისაჯეთ, ჯარიმა მივიღეთ და 7:17 ჩამოვრჩით.

მეორე ტაიმი პირველის მსგავსად, მეტოქის შეტევებით და ჩვენი შეცდომებით დაიწყო. საბედნიეროდ ამ ჯერზე „არმაზმა“ ქულა ვერ აიღო და 10 წუთის შემდეგ „ყოჩებმა“ ინიციატივა დაიბრუნა. გიორგი ტყეშელიაძე ფლანგზე სამ მბოჭავს გაექცა და 15 მეტრი იარა, მაგრამ ლელოდან 5 მეტრში ბურთი დაიკარგა. მერე „არმაზმა“ ჯარიმებს მოუხშირა, ბოლნისელებმა კარში დარტყმას ლელოზე თამაში არჩია და მორკინალების დარტყმის შემდეგ ალამთან ბურთი გიორგი მელაძემ დაამიწა, მაგრამ ის რეფერიმ გააუქმა და ჯარიმის უპირატესობა დაგვიბრუნა.

5-მეტრა შერკინებაში მეტოქე სამჯერ დაჯარიმდა, მეორე ჯერზე „არმაზმა“ მოთამაშე სინბინით დაკარგა, მესამეზე კი გიორგი ბეგაძემ ბურთი აიტაცა და ლელოში დაამიწა. სამწუხაროდ, გასატანი გარდასახვა მიზანს ასცდა. „ყოჩებმა“ ჯარიმა არც შემდეგ ჯერზე დაარტყა კარში, 5-მეტრა დერეფნიდან მოლი ააგორა და ლელო ჯაბა კიკვიძემ დაამიწა. არცთუ რთული გარდასახვა ისევ არაზუსტი იყო, მერე 46 მეტრიდან ჯინაშვილს ჯარიმა გაუცუდდა, სული ბოლოს ირაკლი გეგენავას არეკნზე დაუფარეს და მოსაგებ თამაშში მხოლოდ 2 სატურნირო ქულა შეგვხვდა - 17:17.

 

დიდი 10. 2016/2017 წლების სეზონი. XVII ტური

1 აპრილი. თბილისი. „შევარდენი“

ყოჩები (ბოლნისი) - არმაზი (თბილისი) 17:17 (7:17)

ყოჩები: 15. სანდრო ნიჟარაძე, 14. გიორგი მელაძე, 13. გიორგი ხარშილაძე (22. ნიკა ცირეკიძე 50), 12. თორნიკე ცერცვაძე, 11. რამაზ ჯინაშვილი, 10. ირაკლი გეგენავა, 9. გიორგი ბეგაძე (კაპ.); 1. ბაჩანა გოგიშვილი (17. თეიმურაზ ჯინჭარაძე 44), 2. ირაკლი სვანიძე, 3. გიორგი ხოსიტაშვილი, 4. დემურ ეფრემიძე, 5. გურამ გოგიძე, 6. ნიკო აფციაური, 7. გიორგი ტყეშელიაძე, 8. ჯაბა კიკვიძე.

სათადარიგოები: 16. ლევან პირმისაშვილი, 18. ირაკლი ცუხიშვილი, 19. ლაშა ჩიხლაძე, 20. გოგა იასაღაშვილი, 21. ნიკოლოზ რეხვიაშვილი, 23. რატი გარუჩავა.

3 ლელო: აფციაური, ბეგაძე, კიკვიძე

 

1 გარდასახვა: ჯინაშვილი

ახალი ამბები

ყველა სიახლე
10 აპრილი 2017
„ბრივის“ შანსი

ახალი ფოტოები

ყველა ფოტო

ახალი ვიდეო

ყველა ვიდეო

ჩვენი მოთამაშეები