გადამწყვეტი ბრძოლა რუსთავში

გადამწყვეტი ბრძოლა რუსთავში

ბოლნისის „ყოჩები“ დიდი 10-ისთვის გადამწყვეტ ბრძოლას ხვალ რუსთავში, „რუსთავი არენაზე“ გამართავს.

სამწუხაროდ, ახლა „ყოჩების“ ბედი მხოლოდ მის ხელთ აღარაა და ქუთაისში გასამართ პარალელურ მატჩზეც მოგვიწევს თვალყურის დევნება, მაგრამ მნიშვნელოვანია ბოლომდე ვიბრძოლოთ, ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ და დიდ 10-ში თამაშის უფლების მოსაპოვებლად მაქსიმუმი გავიღოთ.

სიტუაცია ასეთია: „ყოჩებმა“ აუცილებლად უნდა სძლიოს „არმიას“, რომელსაც ჩვენი არ იყოს მცირედი, მაგრამ ექვსეულში შესვლის შანსი ჯერ კიდევ შერჩა. თუ შევძელით 4 ქულის აღება და ქუთაისურ დერბიში „ბაგრატი“ „აიასთან“ 8 და მეტი ქულის სხვაობით დამარცხდა, მე-9 ადგილზე ავალთ და დიდი 10-ის საგზურისთვის პლეი ოფში ვიბრძოლებთ. თუ „ბაგრატმა“ 7-ზე ნაკლები ქულით წააგო და პრემია აიღო, მაშინ „არმიას“ ჩვენც პრემიით უნდა ვძლიოთ, რათა „ბაგრატს“ გავუტოლდეთ და ის ურთიერთშეხვედრებში მოპოვებული უპირატესობით ჩამოვიტოვოთ. „ბაგრატის“ გამარჯვების, ან ქუთაისში ფრეს დაფიქსირების, ასევე ჩვენი ვერმოგების შემთხვევაში, „ყოჩებს“ ახალი სეზონის დაწყება პირველ ლიგაში მოუწევს.

ნებისმიერ შემთხვევაში ბოლნისის „ყოჩებს“ დიდ 10-ში დარჩენა პირდაპირ გარანტირებული არ ექნება. მართალია „არმაზი“ 5 ქულით გვისწრებს და პრემიალური მოგებით ეს ჩამორჩენა დაძლევადია, მაგრამ ამ გუნდთან ურთიერთშეხვედრებს ვაგებთ. მიზანი ერთადერთია - ჩვენი გამარჯვებით და ქუთაისში ლოგიკური შედეგის დაფიქსირებით „ბაგრატი“ ჩამოვიტოვოთ და პირველი ლიგის მეორეადგილოსან თბილისის „ივერიასთან“ პლეი ოფისთვის მოვემზადოთ, მაგრამ პლეი ოფამდე ჯერ ძალიან შორია.

გასულ ტურში „ყოჩები“ „არმაზთან“ გამარჯვებას იმსახურებდა, მაგრამ ამ სეზონისთვის უარყოფითად დამახასიათებელმა ფეხით თამაშმა და კარში დარტყმებმა დაგვაღალატა, 10 ქულა გავანიავეთ, მხოლოდ ფრეს დავჯერდით (17:17) და ბოლო ტურის წინ საქმე გაგვირთულდა. ერთი კვირის წინ ბათუმში დიდი სხვაობით, 7:40 დამარცხდა „არმია“.

რუსთავში გასამართი მატჩის შემადგენლობას „არმაზთან“ ნათამაშებს თუ შევადარებთ, სასტარტო შემადგენლობაში ორი ცვლილებაა. მეორე ხაზში ტრავმირებული გურამ გოგიძის ნაცვლად თამაშს ლაშა ჩიხლაძე იწყებს, ხოლო შუამარბ გიორგი ხარშილაძეს ნიკა ცირეკიძე ცვლის.

 

დიდი 10. 2016/2017 წლების სეზონი. XVIII ტური

8 აპრილი. რუსთავი. „რუსთავი არენა“. 14:00 საათი

არმია (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი)

ყოჩები: 15. სანდრო ნიჟარაძე, 14. გიორგი მელაძე, 13. ნიკა ცირეკიძე, 12. თორნიკე ცერცვაძე, 11. რამაზ ჯინაშვილი, 10. ირაკლი გეგენავა, 9. გიორგი ბეგაძე (კაპ.); 1. ბაჩანა გოგიშვილი, 2. ირაკლი სვანიძე, 3. გიორგი ხოსიტაშვილი, 4. დემურ ეფრემიძე, 5. ლაშა ჩიხლაძე, 6. ნიკო აფციაური, 7. გიორგი ტყეშელიაძე, 8. ჯაბა კიკვიძე.

 

სათადარიგოები: 16. ლევან პირმისაშვილი, 17. თეიმურაზ ჯინჭარაძე, 18. ცოტნე დარჩია, 19. ირაკლი ცუხიშვილი, 20. გოგა იასაღაშვილი, 21. გიორგი ხარშილაძე, 22. ნიკოლოზ რეხვიაშვილი, 23. მიხეილ რეხვიაშვილი.

ახალი ამბები

ყველა სიახლე
10 აპრილი 2017
„ბრივის“ შანსი

ახალი ფოტოები

ყველა ფოტო

ახალი ვიდეო

ყველა ვიდეო

ჩვენი მოთამაშეები