„ბრივის“ შანსი

„ბრივის“ შანსი

საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის, ტოპ 14-ის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე 3 ტურით ადრე, ბოლნისის „ყოჩების“ აღზრდილი ბურჯის, კარლენ ასიეშვილის „ბრივმა“ სტუმრად უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და საჩემპიონო რბოლაში რჩება.

ბრიველები ფრანგული რაგბის ერთ-ერთ ფლაგმანს, მეორე ადგილზე მყოფ „კლერმონს“ ეწვივნენ და 26:21 დაამარცხეს. ასიეშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს. სტუმრებმა პირველ ტაიმში ორი ლელო დადეს, მაგრამ 12:14 ჩამორჩნენ. მეორე ტაიმის დებიუტში „ბრივმა“ კიდევ 2 ლელო დადო, ორივე გარდასახა და 26:14 დაწინაურდა. „კლერმონმა“ ერთი საპასუხო ლელო მატჩის მიწურულს მიითვალა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ახლა „ბრივი“ 52 ქულით მე-8 ადგილზეა. მას საპლეიოფო მე-6 ადგილს 1 ქულა აშორებს და მომდევნო ტურში „ბორდოს“ მასპინძლობს.

შალვა მამუკაშვილის „ტულონმა“ „ტულუზს“ უმასპინძლა, 33:23 სძლია, 57 სატურნირო ქულა მოაგროვა და მე-4 ადგილზეა. ქართველ კვაჭს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

ინგლისის პრემიერშიპის მე-19 ტურში ჯაბა ბრეგვაძის „ვუსტერი“ „სეილ შარქსს“ ქართველი კვაჭის გარეშე ეწვია და 26:36 დამარცხდა, მაგრამ 4 ლელოს დადებისთვის 1 ქულა ჩაიწერა. „ყოჩების“ ყოფილი მორაგბის გუნდი 27 ქულით მე-11 ადგილზე და ბოლოადგილოსან „ბრისტოლს“ 8 ქულით უსწრებას.

რუმინეთის სუპერ-ლიგის მე-10 ტურში მიხეილ არჩუაშვილის ბუქარესტის „სტიაუამ“ იაშის „პოლიტეხნიკა“ სტუმრად 40:15 დაამარცხა და პრემიაც ჩაიწერა. „სტიაუა“ 39 ქულით პირველ ადგილზეა და 10 ქულით უსწრებს „ტიმიშოარა-სარასენსს“, რომელსაც 2 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. განვლილ შეხვედრაში მწვრთნელმა არჩუაშვილს დასვენების საშუალება მისცა, რადგან მომდევნო ტურში ბუქარესტელები სწორედ უახლოეს მდევარს მასპინძლობენ და გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილს დაიბევებენ.

 

გიორგი ცუცქირიძის ბუქარესტის „დინამომ“ კლუჟის „უნივერსიტატეა“ 34:10 დაამარცხა და პრემია მანაც ჩაიწერა. „ყოჩებიდან“ რუმინეთში ახლახანს წასული ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს. მისი „დინამო“ 16 ქულით მე-4 ადგილზეა.

ახალი ამბები

ყველა სიახლე
10 აპრილი 2017
„ბრივის“ შანსი

ახალი ფოტოები

ყველა ფოტო

ახალი ვიდეო

ყველა ვიდეო

ჩვენი მოთამაშეები