ისტორია

 

სარაგბო კლუბი “ყოჩები”, პირველი და უძველესი ქართული გუნდი 1959 წლის 15 ოქტომბერს დაარსდა. წარმოშობით სომეხმა, მარსელში აღზრდილმა ჟაკ ასპეკიანმა, სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში პირველი ვარჯიში სწორედ ამ დღეს ჩაატარა, “გეპეის” (რუსული ენის გავლენით, ასე ეძახდნენ საბჭოეთში საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტს) გუნდი კი, “ყოჩების” წინამორბედია. 
მოკლედ, სხვადასხვა სპორტში დასაქმებულმა ახალგაზრდებმა სწრაფად აუღეს ალღო სპორტის ამ ვაჟკაცურ სახეობას და მართალია სპი საკავშირო მასშტაბის ტურნირებში არ თამაშობდა, მაგრამ კადრებს უზრდიდა იქ მოთამაშე ქართულ გუნდებს - “ლოკომოტივს” და “დინამოს” (შემდგომში “ივერია” და “ელვა”). სპიში საბჭოთა პერიოდის 30 წელიწადში გაიზარდნენ ნოდარ ყიფიანი, გოგი ტონია, გელა მიქაბერიძე, ზაურ მგელაძე, გოჩა აბაშიძე, რომეო ღვინიაშვილი, ირაკლი კიზირია, გენადი ღადუა, ნუგზარ ბუგიანიშვილი, ირაკლი ნაცვლიშვილი, ოლეგ ლიპარტელიანი, გივი ავლასტიმოვი, მერაბ ანთაძე, შოთა ხარშილაძე, მიხო ჯვარიძე, გოგი სუთიაშვილი, კოკა ლაზიშვილი, ზურა ჩაჩანიძე, ბესო მაისურაძე, გიგა დადიანი, ალექსანდრე ნაჭყებია, ბიძინა გეგიძე, ნიაზ მამრიკიშვილი, გიორგი და ლაშა გეგენავები.
1961 წლიდან თბილისის პირველობას ჩაეყარა საფუძველი და პირველი სამი გათამაშება სპის გამარჯვებით დასრულდა, 1966 წელს მესამე იყო, მომავალი წლიდან კი, მასშტაბები გაიზარდა და “ყოჩების” წინამორბედიც რესპუბლიკურ პირველობაში ჩაერთო. ზედიზედ სამჯერ მესამე ადგილის დაკავების შემდეგ, ერთგვარი “პაუზა” იყო, ხოლო 1978 და 1985 წლებში კვლავ ბრინჯაოს მედლებს დასჯერდა. 1978 წლიდან საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო, სადაც საკავშირო ჩემპიონატში მონაწილე ქართული კლუბებიც იღებდნენ მონაწილეობას და პურველ სამ ჯერზე (1978, 1979 და 1980 წლებში) თასი სპიმ შემართა - პირველ ჯერზე ფინალში “სპარტაკი” დაამარცხა, ხოლო მომდევნო ორი ფინალი ქუთაისის “აიას” მოუგო.
1989 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ, ქართული კლუბები საკავშირო ჩემპიონატიდან გამოვიდნენ და 1990 წელს პირველად ჩატარდა ეროვნული პირველობა, სადაც გუნდი უკვე სტუ-ს სახელით გამოვიდა (სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი). იმ ხანად საქართველოში სიდუხჭირე იყო, სტუსაც გაუჭირდა გუნდის შენახვა და მომავალი წლიდან მის დაფინანსებაზე უარი განაცხადა, მაგრამ რაგბი სხვა მხრივაც გამორჩეული სპორტის სახეობაა და ძველმა სტუელებმა გუნდის შენახვა თავად ითავეს. ლაშა გეგენავას ინიციატივით, მან სახელი შეიცვალა და სტუ-ყოჩები დაერქვა. 
გუნდს ექვსი წელიწადი დაჭირდა ადაპტაციისთვის მორიგი მედალი, უკვე საქართველოს ჩემპიონატში, 1996 წელს მოიპოვა, მაგრამ მხოლოდ ვერცხლს დასჯერდა. სამაგიეროდ, 1997-1998 წლებში პირველობა არავის დაუთმო, 1999 და 2000 წლებში კი, ვერცხლის მედლებს დასჯერდა (2000 წელს ფრედ დასრულებულ შეხვედრაში მიღებულ-გაშვებული ლელოებით დამარცხდა). ამის შემდეგ “ყოჩებმა” ვერცხლი მხოლოდ ერთხელ - 2003 წელს ირგუნეს, 2001, 2006, 2008 და 2010 წლებში კი, ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. შუალედში იყო ერთი წარმატებული სეზონიც - 2007 წელს გუნდმა ნიკოლოზ ჭავჭავაძისა და ირაკლის გიორხელიძის მეთაურობით, პირველობა არავის დაუთმო და ჯერჯერობით ესაა ჩვენი გუნდის ბოლო გამარჯვება საქართველოს ჩემპიონატში. ამავე წელს “ყოჩები” საქართველოს თასის გამარჯვებულიც გახდა.
დამოუკიდებლობის პერიოდში კლუბმა ქვეყანას არაერთი “ბორჯღალოსანი” აღუზარდა და მათმა უმრავლესობამ ქვეყანა საერთაშორისო მასშტაბით ასახელეს. ესენი არიან: ვიქტორ დიდებულიძე, ზაზა ლეჟავა, კახა კობახიძე, ირაკლი აბუსერიძე, ირაკლი ჩიქავა, სანდრო ესაკია, ირაკლი გიორხელიძე, კახა მაჩიტიძე, ბადრი ხეხელაშვილი, ბესო ტეფნაძე, ნიკო ჭავჭავაძე, რატი ურუშაძე, სპირიდონ ლიპარტელიანი, ალექსი გუშარაშვილი, სანდრო საკანდელიძე, სოსო სულხანიშვილი, დავით ცხვედიანი, სანდრო ნიჟარაძე; დღეისათვის ნაკრების კანდიდატებად მოაიზრებიან: კარლენ ასიეშვილი, გიორგი ბეგაძე, ჯაბა ბრეგვაძე, დავით კაჭარავა, ლაშა მალაღურაძე, შალვა მამუკაშვილი.
გუნდის ცხოვრებაში და წარმატებაში უდიდეს როლს ასრულებენ მწვრთნელები და არც ისტორია იწერება მათ გარეშე. დაარსების დღიდან “ყოჩებს” ავარჯიშებდნენ: ჟაკ ასპეკიანი, გივი მრელაშვილი, ოთარ დოღონაძე, დიტო ოსეფაშვილი, ირაკლი კიზირია, გელა მიქაბერიძე, ნუგზარ მურღულია, ლაშა გეგენავა, მალხაზ ჭეიშვილი, ნუგზარ მალაღურაძე, ნიკო ჭავჭავაძე, ლევან მგელაძე. 2012 წლიდან გუნდის მთავარი მწვრთნელია სანდრო ესაკია და მას ირაკლი გიორხელიძე ეხმარება, რომელიც ამ თანამდებობას 2005 წლიდან იკავებს.
ესაა მოკლე ისტორია საქართველოს უძველესი, 55 წლის კლუბისა, რომელსაც წინ კიდევ არაერტი გამოწვევა და სიხარული ელის. სტუსთან ერთად, ახლა მის კეთილდღეობაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტი ზრუნავს და 2013 წლიდან “ყოჩები” ბოლნისის სახელით თამაშობს და ამ რეგიონში რაგბის განვითარებას უწყობს ხელს. რაღა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ის სახელმწიფო პროგრამაც, რომლის მიხედვითაც ქართული კლუბები ფინანსდებიან და შორს არ უნდა იყოს დღე, როდესაც “ყოჩები” ძველ დიდებას დაიბრუნებს და “ბზის თასის” შემართვით გულშემატკივარს გაახარებს.

ბოლნისის “ყოჩები” მადლობას უხდის ზაალ გიგინეიშვილს ისტორიის მომზადებაში გაწეული დახმარებისათვის

ახალი ამბები

ყველა სიახლე
10 აპრილი 2017
„ბრივის“ შანსი

ახალი ფოტოები

ყველა ფოტო

ახალი ვიდეო

ყველა ვიდეო

ჩვენი მოთამაშეები